ჩაკეტილი ბედი

ჩაკეტილი ბედი
ანუ რატომ არიან კარგი გოგონები მარტო?

– “ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა და მყავს, განებივრებული ვარ მათი ყურადღებით, ხელიც ბევრჯერ მთხოვეს, მაგრამ მე არავინ მომწონდა. ვისზეც სერიოზულად დავიწყე ფიქრი, არავისთან არ გამიმართლა. ზოგი ცოლშვილიანი აღმოჩნდა, ზოგი ნარკომანი და მოთამაშე, ზოგი იმპოტენტი და ზოგი “იმნაირი”. ძირითადად კი მე ვაფუჭებდი ურთიერთობას უნებურად რაღაც სისულელეების გამო. ადრე ფლირტით ვიქცევდი თავს, მსიამოვნებდა მამაკაცებს რომ ვაგიჟებდი, რომ მაღმერთებდნენ და მე ვაწვალებდი…თითქოს სამაგიეროს ვუხდიდი. თვითონაც არ ვიცი რის გამო. ახლა ესეც მომბეზრდა. მეც მინდა მიყვარდეს, ოჯახი შევქმნა, მაგრამ არაფერი არ გამოდის, თითქოს დაწყევლილი ვარ, ნუთუ ჩემი ცოდვებისთვის ვისჯები?”
ცრემლნარევი ხმით მიყვებოდა თავის სატკივარს ახალგაზრდა, ლამაზი ქალი. განათლებული და კულტურული, კარგი ქართული ოჯახიდან, კარგი სამსახურით…

ეხ, რამდენია ასეთი. თითქოს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ბედნიერი იყოს საყვარელ ადამიანთან, მაგრამ თითქოს რაღაც უხილავი ბარიერია აღმართული მის წინაშე და არ უშვებს ჩაკეტილი წრის გარეთ. ზოგი ამას ჩაკეტილ ბედს უწოდებს, ზოგი საოჯახო წყევლას, ზოგი ზოდიაქოს. ის პლანეტა იმაში მყავს, ეს პლანეტა ამაში… 🙂 მე ახლა ეზოთერიკულ ახსნას არ მოვყვები. ამ პრობლემას კონკრეტული ფსიქოლოგიური მიზეზები აქვს.
მიზეზები კი როგორც ყოველთვის ბავშვობაში ჩანერგილ კომპლექსებში უნდა ვეძებოთ. მშობლების მიერ დაშვებულ შეცდომებში.psix2
ყველაზე გავრცელებული მიზეზი კი სექსია. უფრო სწორედ, არაჯანსაღი დამოკიდებულება სექსის მიმართ და საკუთარი სხეულის მიმართ. ბევრს უკვირს თავიდან, როდესაც ასეთ რამეს ვეუბნები. თითქოს არავის უთქვავს მისთვის ბავშვობაში, რომ სექსი ცუდია, ბინძურია და რომ ბიჭები ცხოველები და მოძალადეები არიან, რომ საკუთარი სასქესო ორგანოების უნდა რცხვენოდეს. ასეთი არაფერი ახსენდება, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ეს ყველაფერი კონტექსტებში მიეწოდებოდა ბავშვობიდანვე გამუდმებით. ოჯახში და სკოლაში სექსი ტაბუდადებული თემა იყო. ტელევიზორში თუ ინტიმური სცენა გამოჩნდებოდა, ბავშვები უნდა გასულიყვნენ ოთახიდან ან სხვა არხზე გადაირთვებოდა ტელევიზორი მაშინვე. სამი წლის ასაკში რამდენჯერმე ძალიან მკაცრად დასაჯეს სიშიშვლის გამო, შემდეგ ფეხების “გაჩაჩხულობის” გამო ჯდომის დროს. სხეულზე დადებულ ტაბუს ლინგვისტური ტაბუც დაერთო: მისი სხეულის ნებისმიერ ნაწილს ერქვა სახელი. ხელს ხელი ერქვა, ფეხს ფეხი, მაგრამ სასქესო ორგანოს სახელი არ ერქვა. უსახელო იყო, უხსენებელი. თითქოს არც არსებობდა. შემდეგ კი მოკრა ყური რაც ერქვა, მაგრამ ქუჩაში. და ეს სიტყვა მისთვის გინებასთან და დამცირებასთან, სიბინძურესთან ასოცირდებოდა. ამ სახელის გაგონებაზე სირცხვილის და დანაშაულის გრძნობა ერთდროულად ეუფლებოდა. აი ასე, ბანალურად, ყოველგვარი მძიმე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტრავმების და სტრესების გარეშე ჩამოუყალიბდა ფსიქოლოგიური ფრიგიდულობა.
(სპეციალურად არ გავამახვილე ყურადღება მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესებზე, რაც ასევე ხშირია და რაც ნორმად ითვლება საქართველოში. ამაზე სხვა სტატიაში მოგიყვებით)
საქართველოში გამეფებული მენტალური ფონიც კი საკმარისია გოგონაში სექსის მიმართ ნეგატიური განწყობის ჩამოსაყალიბებლად.

და რა შუაშია ეს “ჩაკეტილ ბედთან”?
ახლავე აგიხსნით. მარტივი ლოგიკური ჯაჭვია: გოგონას არაცნობიერში აქვს ჩაბეჭდილი, რომ სექსი ბინძურია, საშიშია. ხოლო გათხოვება კი მოგეხსენებათ, ნიშნავს სექსის დაწყებას. ამიტომ გოგონაში არაცნობიერი თავდაცვის ინსტიქტი ყველაფერს აკეთებს, რომ არ დაუშვას გათხოვება, რომელსაც ეს საშინელი სექსი მოყვება.
ფლირტი შეიძლება. თაყვანისმცემლების კოლექცია და მათი წვალება საყვარელი საქმიანობაა. შეყვარებულობანას თამაშიც მოსულა, ოღონდ რესტორანში დაპატიჟებების და ზასაობის იქით რომ არ წავა. ან ისეთ ვინმეს შეიყვარებს ცალმხრივი უიმედო სიყვარულით, ვინც მიუწვდომელია: უცხოელ მსახიობს, ფეხბურთელს, ცოლშვილიან კაცს და ა.შ.
მაგრამ როგორც კი გამოჩნდება მის ცხოვრებაში მამაკაცი, რომელთანაც სერიოზული ურთიერთობები იწყება და გათხოვების შანსი(ხოლო მისი არაცნობიერისთვის სექსის საფრთხე) ჩნდება, მაშინვე ირთვება თავდაცვის მექანიზმი და გოგონა უნებურად ისეთ სისულელეებს და სისაძაგლობებს აკეთებს, რომ მის საქმროს ყოველგვარი სურვილი ეკარგება მასთან ურთიერთობის. და ასე მრავალჯერ, სანამ გათხოვებაზე ხელს არ ჩაიქნევს საერთოდ და სამსახურზე ან ნათესავის ბავშვებზე ზრუნვაზე არ გადაერთვება.
მე არ განვეკუთვნები ისეთ ადამიანების რიცხვს, რომლებისთვისაც სექსი ქორწინების გარეშე დაუშვებელია, მაგრამ ასეთი ჩაკეტილი ბედის გოგონების უმრავლესობისთვის სწორედ ასეა. მაგრამ გინდაც ასე არ იყოს, გინდაც იდეაში დაუშვან ქორწინების გარეშე სექსი, სექსს ისინი მაინც ვერ მოახერხებენ, რადგან კომპლექსი მათ აქვთ სწორედ სექსის მიმართ და არა გათხოვების მიმართ. მათი საყვარელი ფრაზაა: როცა შემიყვარდება ვინმე, მაშინ მექნება მასთან სექსი, მაგრამ არ შეუყვარდებათ არავინ, მათი შეშინებული არაცნობიერი ამას არ დაუშვებს! რადგან ამ შეყვარებას სექსი მოყვება. სექსის კი ძალიან ეშინია. აი ასე ელოდებიან მთელი ცხოვრება პრინცის მოსვლას. პრინცი კი მოვა. ადრეც მოსულა, მაგრამ რა?

ჩახშობილი სექსი კიდევ სხვა პრობლემაა. ამის ფონზე ხშირად ვითარდება სხვადასხვა დაავადებები და ფსიქიური აშლილობა.

აი ასეთი გახლავთ კლინიკური სურათი.  რაშია გამოსავალი, რა არის წამალი?
წამლებით, შელოცვებით, ავი სულების განდევნით და ჯადოს მოხსნით ამ პრობლემას ვერ ვუშველით.
ფსიქოლოგიც ვერ უშველის ყველას. უშველის მხოლოდ მას, ვინც გააცნობიერებს საკუთარი პრობლემის ნამდვილ მიზეზს და გადაწყვეტს ფსიქოლოგთან სიარულს ამ კომპლექსისგან განთავისუფლების მიზნით. და არა მარტო სიარულს, არამედ შრომას საკუთარ თავზე ნებისყოფის დაძაბვით. ფსიქოლოგს შეუძლია გზა გიჩვენოთ, ხოლო ამ გზის გავლა თვითონ მოგიწევთ წინააღმდეგობების გადალახვით. რა თქმა უნდა, არსებობს თანამედროვე ფსიქოტექნოლოგიები, რომლებიც მუშაობენ უშუალოდ არაცნობიერზე და საგრძნობლად აიოლებენ და აჩქარებენ ამ პროცესს.

შედეგად არამარტო ბედი გაიხსნება, არამედ ამასთან ერთად გაუმჯობესდება ჯანმრთელობა და გარეგნობა. მოწესრიგდება ემოციური ფონი, აიწევს თვითშეფასება და ცხოვრების ხალისი.
მაგრამ ამით სამუშაო არ მთავრდება. წინ მეორე საფეხურია, რადგან ადამიანში რჩება მავნე ჩვევა იყოს უბედური. უჭირს გადაეჩვიოს “შეჩვეულ ჭირს”, რომელსაც მორალურ-ეზოთერიკულ-რელიგიური გამართლებაც კი მოუძებნა წლების მანძილზე. ან თავისი ცხოვრების ნაწილი ოცნებებში და სიზმრებში გადაიტანა. ოცნებებში და სიზმრებში ის უსაფრთხოდ და კომფორტულად გრძნობს თავს. მათი მიტოვება ყველაზე ძნელია.15

ვინც გაივლის ამ ორ საფეხურს, ის მიაღწევს რეალურ თავისუფლებას და წარმატებას. შეძლებს სრულფასოვნად დატკბეს ცხოვრებით.

2 კომენტარი, ჩანაწერი: “ჩაკეტილი ბედი”

  1. შეიძლება ცოტა გადაჭარბებულად მოგვეჩვენოს ამ კაცის მსჯელობა, მაგრამ ვფიქრობ სიმართლეს ამბობს, განსაკუთრებით როცა ხაზს უსვამს-მამაკაცებს ეშინიათ ქალმა ორგაზმის სიტკბო არ იგრძნოსსს. აქაც არის “ძაღლის თავი დამარხული”, არა მხოლოდ შინაბერა გოგონების ფსიქიკაში.. https://www.youtube.com/watch?v=H1VbV9gkD3I

დატოვე კომენტარი